"სიყვარულო, ძალსა შენსა"

ალექსანდრე ჭავჭავაძის "სიყვარულო, ძალსა შენსა" რომანტიკული სამიჯნურო პოეზიის კლასიკური ნიმუში - ფაქიზი, ამაღლებული სიყვარულის უკვდავი საგალობელია. მასში მიჯნურობა წარმოდგენილია დაუძლეველ, დაუთრგუნველ ძალად, რომელსაც ყოველი სულდგმული ემონვის და ემორჩილება. მას ტახტად გულს უძღვნიან, რამეთუ მასზე დიდი მბრძანებელი ქვეყნად არ გაჩენილა; ხარკად ოხვრა-გოდებას სწირავენ, რამეთუ მის უწყალობას მხოლოდ ასეთი გამორჩეული მსხვერპლი შეჰფერის. იგი აყეფებს თვალცრემლიან ბულბულს ვარდის მახლობლად, იგი აფარფატებს უმწეო ფარვანას სანთლის გარშემო.

"სიყვარუულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონა ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს
და ქვაბულსა რად ეზრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!"

ალექსანდრე ჭავჭავაძე მხატვრულად ნათელყოფს სიყვარულის ყოვლისმომცველ ბუნებას, მის მძლეთა მძლე ძალას, რომელსაც თანაბრად ემორჩილება ერიც და ბერის, მეფეც და მხევალიც. იგი თვითმპყრობელი ხელმწიფეა, რომელსაც ყველგან სასახლე ელის; მბრძანებელია, რომელსაც ქვეშევრდომობას მოკვდავთა გულები უწევენ:

"სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი გზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნოს და თვით სხვაცა".

ნაწარმოების მიხედვით, სიყვარულთან თანაბრად არის დაკავშირებული შვებაც და ტანჯვაც, სიხარულიც და მწუხარებაც, ბედიც და უბედობაც, სასოებაც და უსასოობაც, აღმაფრენაც და დამარცხებაც… მისი უღელი მძიმეა და მტკივნეული, მაგრამ მაინც – სანუკველი და სანატრელი, ამიტომაც არავის უნდა მისგან გამოხსნა. სიყვარული ნეტარებაა, რომელსაც ნებით არავინ შეელევა, არავინ დათმობს. იგი ნათელია, სულიერი ნათელი, ზენათელი, რომლის შეგრძნებასაც სიბნელე და ცხოვრებისეული სირთულე-წინააღმდეგობანი ამძაფრებს და აათასკეცებს:
"შენის უღლისაგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მასში სიბნელეც არსით ერევის!"

ალექსანდრე ჭავჭავაძის "სიყვარულო, ძალსა შენსა" მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა, როგორც უკვდავ-უბერებლი ჰიმნი, რომელიც ყოველი ასაკის ადამიანის გულისთქმას ეხმიანება. იგი იმ ნაწარმოებთა რიგს განეკუთვნება, რომელიც "გულს ჩაგეკვრის, ლაღობს, ხარობს, გამღერებს და ამღერებს. ხან ბუჩქებში მიმალული ზის მარტო, ვით იადონი, შეჰყეფს სატრფოს გულსაკლავად, ტრფობის ისრით განაწონი". /ილია ჭავჭავაძე/








Комментарии

Популярные сообщения из этого блога

Sophists and Socrates

Женщины в романе Теодора Драйзера "Гений"